აქტუალური
გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალება მისცა

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმპორტის შემცირება და შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ცვლილებებსა და ინვესტიციებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოფლად განხორციელდა, თავისი ხელშესახები შედეგები უკვე უნდა ჰქონდეს. აქვს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიფიქროთ როგორც ბაზრების, ასევე პროდუქციის დივერსიფიცირებაზე. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და, პირველ რიგში, იმპორტის შემცირების ნაწილში", – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მიწის რეგისტრაციის გამარტივებაზე, ასევე მელიორაციის სისტემის მოგვარებაზე. გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა, უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს მეცხოველეობის სფეროს განვითარების სტრატეგია და მოქმედებების კონკრეტული გეგმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და უწყების თანამშრომლებმა პრემიერს 2019 წელს გაწეული მუშაობა გააცნეს და 2020 წელს დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.

პრემიერმა განაცხადა, რომ სამინისტროების წარმომადგენლებთან ამგვარ შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.