სამართალი
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი დააკავა

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან. სავარაუდოდ დაკავება ოკუპირებულ სოფელ წუნევთან მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სოფელ ქვემო ჭალაში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, სტეფანე ​მესროფაშვილმა განუცხადა, მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს უკვე რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

ამასთან, როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი’’, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.