აქტუალური
მარიანა ჩოლოიანს მიაჩნია, რომ უდანაშაულოა - ჩოლოიანის ადვოკატი

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის არჩილ შაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეულია და ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

როგორც მან ჟურნალისტებს მარიანა ჩოლოიანის კლინიკაში მონახულების შემდეგ განუცხადა, მას კომუნიკაციაც უჭირს და აქვს ნერვოზული ფონი.

რა ინფორმაციაც მე მისგან მაინტერესებდა მიმეღო, მე ის ინფორმაცია მივიღე. ის გამორიცხავს თავის მონაწილეობას ამ ქმედებაში. მისთვის ბრალი არც წარუდგენიათ და მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა. თუმცა მნიშვნელოვანია ამ საქმეში სკოლის წილიც. სკოლის მიერ მოხდა იმ მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც შემდეგ გადასცეს პოლიციის თანამშრომლებს გამოძახების შემდეგ. 112-ის გამოძახების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, ადმინისტრაციამ დაახვედრა უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინშოტები ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ დეტალურად“, - განაცხადა შაბაშვილმა.

მისივე თქმით, საპროცესო კოდექსი დაპირისპირებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ადვოკატი გამორიცხავს მოზარდების დაპირისპირებას საგამოძიებო მოქმედების დროს.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, მოზარდი მშობლის გარეშე გამოკითხვაზე არ ყოფილა.

როცა ბავშვს გაესაუბრა ხელმძღვანელი, მშობელი იყო 5 მეტრში. ალბათ, იქნება ამოღებული ვიდეომასალა, რაც განყოფილებაში არსებობს და შესაბამისად, იქიდან ნათელი გახდება რეალურად რა ხდებოდა განყოფილებაში. ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როცა საქმის მასალებს გავეცნობი სრულად, შემდეგ ვისაუბრებ“, - განაცხადა ადვოკატმა.

არჩილ შაბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალის წარდგენა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკაში მოხდეს.

რაც შეხება კიდევ ერთ საქმეს, რომელშიც არსებული ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი მონაწილეობდა და რომელიც სტრასბურგის სასამართლოში იქნა განხილული, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეში ჩოლოიანი საერთოდ არ ფიგურირებდა.

ჩემთვის გასაკვირია საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. მისი გვარი არანაირად არ არის მოხსენებული ამ საქმეში. იქ არის საუბარი თარიღზე“, - განაცხადა მან.