აქტუალური
საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრა, რომელიც თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შედგა სამმხრივ ფორმატში, მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია. ამის შესახებ ზალკალიანმა თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხელი მოეწერა 2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს.

ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით. დღეს გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული მერვე შეხვედრა, რაც სამმხრივ ფორმატში ჩვენი მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია. როგორც მოგეხსენებათ, ორმხრივ დონეზე საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის და სხვა მრავალ სფეროს. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, 2020 და 2022 წლების სამმხრივ სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას. სამმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში ჩვენი საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ რეგიონალურ-სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტზე დისკუსიას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავაფიქსირეთ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზების მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხებში და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში თანამშრომლობას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ხაზგასმით აღვნიშნეთ ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის მეორე ეტაპის დასრულების მნიშვნელობა, რომლის ინაუგურაციაც ცოტა ხნის წინ, 30 ნოემბერს გაიმართა თურქეთში. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ახალი რეალობის ჩამოყალიბებას ევროპული ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურაში. აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული მდებარეობის და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპა-აზიის დამაკავშრებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. ამ თვალსაზრისით გამოვხატეთ მზაობა განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების უზრუნველსაყოფად და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად.

განსაკუთრებით გამოვყავით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და ხარჯებს და გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტი. განსაკუთრებით აღვნიშნეთ, სამი ქვეყნის როლი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის სკაითხში, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას და გააძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამ მიმართულებით მივესალმებით მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში წარმატებით გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სამი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სამმხრივი ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობაზე შედგა საუბარი.

ასევე დავაფიქსირეთ ჩვენი ერთობლივი მიდგომა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, სამმხრივი ბიზნესფორუმების ჩატარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას, შეხვედრისას განსაკუთრებუოლი ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. უდაოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასევე აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ კონფლიქტები და დავები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით საერთაშორისო სამართლის პრინციპის შესაბამისად და სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის გათვალისწინებით.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მზადყოფნა შემდეგი კავშირების გაღრმავებაზე, რაც არსებულ ურთიერთობებს გამორჩეული მზარდი დინამიური ხასიათის გამოძახილია“,- განაცხადა ზალკალიანმა.