უცხოეთი
ტრამპმა გააზიარა Twitter-ის პოსტი, რომელშიც დაზვერვის თანამშრომლის სახელია მითითებული

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააზიარა Twitter-ის პოსტი, რომელშიც მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრის ავტორის, დაზვერვის თანამშრომლის სავარაუდო სახელი იყო მითითებული. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

„კონგრესმენმა რეტკლიფმა ივარაუდა, რომ დაზვერვის თანამშრომელმა ერიკ ჩიარამელამ ცრუ ჩვენება მისცა, როდესაც წერილობითი ფორმით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, ადამ შიფი კი ჩიარამელას დანაშაულის მტკიცებულებებს მალავს“, - წერს Twitter-ის მომხმარებელი Surfermom77, რომლის პოსტიც დონალდ ტრამპმა გააზიარა.

Associated Press-ის ცნობით, დაზვერვის თანამშრომლის იდენტიფიცირება შესაძლოა არღვევდეს ფედერალურ კანონებს, რომლებსაც ისტორიულად დემოკრატები და რესპუბლიკელები უჭერდნენ მხარს.

მომხმარებელ Surfermom77-ს, რომელიც თავს „ტრამპის 100%-იან მხარდამჭერად ახასიათებს“, 79 ათასამდე გამომწერი ჰყავს. AP-ის მტკიცებით, Surfermom77-ის გვერდზე ავტომატიზებული მართვის გარკვეული ნიშნები და უჩვეულოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება, პროფილის სურათებს შორის კი ინტერნეტიდან გადმოწერილი ბევრი ფოტოა, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ Surfermom77 არა რეალური ადამიანი, არამედ ე.წ. ბოტია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.

ტრამპი ენდრიუ ჯონსონისა და ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. პირველ 2 შემთხვევაში, ჯონსონი და კლინტონი პოსტებზე დარჩნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

imedinews.ge