პოლიტიკა
„ოპოზიციური რვიანი“ ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო ფრონტის გახსნას გეგმავს

davit_usufashvროგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ოპოზიციური რვიანი“ ქვეყნის შიგნით და გარეთ სერიოზულ ფრონტს ხსნის, რათა ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი მხრიდან გაიგოს და დაინახოს, რომ საარჩევნო რეფორმა ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინია“. მისი თქმით, „ოპოზიციური რვიანის“ მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან ხელისუფლებამ არ ისურვა წყნარი და მშვიდი საუბრის გზით დათანხმებოდა იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად იყო აუცილებელი.

„შესაბამისად, ჩვენ პოლიტიკური ბრძოლისა და საქმიანობის ახალ ფაზაში გადავდივართ, რათა მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები საქართველოში. კონკრეტული საქმიანობის განახლება კი შესაძლებლად მიგვაჩნია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება გააზრებული, დასაბუთებული და ჩვენს წინადადებებთან შეხმიანებული კონკრეტული ინიციატივებით მოვა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციურმა რვიანმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 23 მარტს გაახმიანა.