აქტუალური
2019 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. 2019 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (2017 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 7.1% შეადგინა).

საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ანუ ინფლაციას სამომხმარებლო კალათიდან სურსათი და უალკოჰოლო სასმელების; ენერგომატარებლების; ადმინისტრირებადი ტარიფების; ტრანსპორტის ცალკეული ტარიფების გამორიცხვით, 2019 წლის დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.7 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი მატება. კერძოდ, ბოსტნეულია და ბაღჩეულის ფასი გაიზარდა 3.7 პროცენტით, ხილი და ყურძენი 2.9 პროცენტით; ხორცი და ხორცის პროდუქტები 2.3 პროცენტით, თევზეული 2.1 პროცენტით , ასევე რძე, ყველი და კვერცხი 1.1 პროცენტით გაძვირდა. ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1 პროცენტით.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 1 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება.