აქტუალური
ვინც ისრაელს შეუტევს, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ვინც ისრაელს შეუტევს, გამანადგურებელი დარტყმა ელოდება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში გუშინ დილით გამართულ კონფერენციაზე, იუწყება გამოცემა Hamodia.

აღნიშნული კონფერენცია, რომელიც ინტერნეტით გადაიცემოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დოქტრინას ეხებოდა, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების ლეგალურობას ითვალისწინებს.

ისრაელის ლიდერის განცხადებით:

ისრაელის სახელმწიფო — ეს არის ურყევი ღუზა ახლო აღმოსავლეთის ბობოქარ წყლებში. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი მოსპობის მსურველთა პირისპირ. ნებისმიერი, ვინც თავს დაგვესხმება, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს“.

ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი საჯარო განცხადებაა ირანის მიერ ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიშის მიტანის შემდეგ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის საწინააღმდეგო ნაბიჯებში.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა, რომელსაც ანტიამერიკული აქციების ორგანიზატორად მიიჩნევდა.

თეირანმა პირობა დადო, რომ აუცილებლად იძიებდა შურს გენერლის მკვლელობისთვის, რისთვისაც 13 სცენარი ჰქონდა შემუშავებული. 8 იანვრის ღამით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების ოპერაციას იწყებდა და ერაყში, ერბილეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას შეუტია „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებით.