სამართალი
საქართველოს პოზიციები პასპორტების ინდექსში გაუარესდა

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველომ, „გლობალური რეიტინგი 2020“-ის თანახმად, პასპორტების ინდექსში 53-ე ადგილი დაიკავა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 227-დან 116 ქვეყანაში შეუძლიათ, აღნიშნულია შვეიცარიული კონსალტინგური კომპანიის Henley&Partners ვებ-გვერდზე.

წინა წელთან შედარებით, საქართველო ინდექსში ორი პოზიციით დაქვეითდა. კვლევის მონაცემებით, წინა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ქვეყნებს კიდევ ორი სახელმწიფო დაემატა.

ნუსხას სათავეში უდგას იაპონია, რომლის მოქალაქეებსაც 191 სახელმწიფოში შეუძლიათ შესვლა. მას მოსდევენ სინგაპური (190), გერმანია და სამხრეთ კორეა (ორივე - 189).

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რუსეთი განთავსდა 51-ე ადგილზე (118), თურქეთი – 55-ე ადგილზე (111), აზერბაიჯანი – 76-ე ადგილზე (67), სომხეთი – 81-ე ადგილზე (62).

რეიტინგის აუტსაიდერები არიან ავღანეთი (26), ერაყი (28) და სირია (29).

კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.