სამართალი
ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილი სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გამოიძიოს - „ლელო"

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლის მიერ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს და არა პროკურატურამ, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე.

7 იანვარს შსს-ს თანამშრომელს ზ..-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. მაგრამ არ არის დაკავებული მეორე პირი, რომელიც ზ.ფ.-სთან ერთად იმყოფებოდა.

კვალიფიკაცია, რომელიც ამ დანაშაულს პროკურატურამ მისცა, არის გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე სინამდვილეში არის მომხდარი, და სწორი კვალიფიკაცია რომ მიეცეს საქმეს, მას არა პროკურატურა, არამედ სახელმწიფო ინსპექტორი უნდა იძიებდეს", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარტიის წევრები მოითხოვენ, რომ საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ და დაადასტუროს, რომ ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი და არ არის კიდევ ერთი ბუტაფორიული ინსტიტუტი „ქართული ოცნების" ხელში", – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მოძრაობა „შეცვალე" საქართველოს შსს-ს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, შსს ხელს აფარებს მეორემ პირს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ადგილზე იმყოფებოდა და ახალგაზრდა კაცის ცემაში მონაწილეობდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი კაპანაძის განცხადებით, ისინი პროტესტს გამოხატავენ პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ.

გომელაურის (შინაგან საქმეთა მინისტრი) დროს პოლიცია კლავს ადამიანებს. მაგალითად, გომელაურის მინისტრობის დროს პოლიციელებმა დავით მუმლაძის მკვლელობის საშუალება მისცეს კრიმინალებს, გომელაურის დროს მსხვერპლი გახდა 15 წლის ლუკა სირაძე, ამ მინისტრის დროს პოლიციელების მსხვერპლი გახდა 24 წლის მურად წურწუმია. ეს ყველაფერი იმის საფუძველია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

გამოძიება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ერთი მხრივ, მ.ჩ. და ვ.ბ. და, მეორე მხრივ, მ.წ. და ზ.ფ. იმყოფებოდნენ ვარკეთილის მესამე მასივში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე. მათ ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ ავტომობილის გამო. მ. ჩ.-სა და გარდაცვლილ მ.წ.-ს ბრალდებულ ზ.ფ.-ს კუთვნილი ავტომანქანის გატაცება სურდათ. ზ.ფ. შეეცადა შეეჩერებინა ისინი და ამ დროს ფიზიკურად გაუსწორდა მ.წ.-ს, მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.