აქტუალური
ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო - ჰასან რუჰანი

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა.

ჰასან რუჰანის თქმით, მისი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და მასში გარეული პირები პასუხს აგებენ.

შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მიკრობლოგის საშუალებით.

ირანის ხელისუფლების აღიარებასთან დაკავშირებით მიკრობლოგზე განცხადება გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

სევდიანი დღეა. შეერთებული შტატების ავანტიურის შედეგად გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ უბედურება გამოიწვია. ღრმა სინანულს და თანაგრძნობას გამოვთქვამთ ჩვენი ხალხის დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დაზარალდნენ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგის საშუალებით.

ამასწინათ ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.