უცხოეთი
ბერლინის კონფერენციაზე ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ბერლინში, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. სამიტის მონაწილე მხარეები აცხადებენ, რომ ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით ბერლინის სამიტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც სამიტის მონაწილეებმა მიიღეს, ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაა. ასევე შეიქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ლიბიაში კონფლიქტში მონაწილე მხარეების წარმომადგენლები შევლენ. მათი პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაერო-ს მონაწილეობით, ჟენევაში გაიმართება.

გარდა ამისა, სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დააკვირდება.

დოკუმენტს ხელი 16 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინის კონფერენცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

1tv.ge