საზოგადოება
ამერიკა ხელს ვერ შეუშლის არჩევნების გაყალბებას, ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ - პაატა ზაქარეიშვილი

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, სავარაუდოდ, მოუწევს პრემიერ-მინისტრად დაბრუნება, რაც, ზაქარეიშვილის თქმით, ოლიგარქის სურვილს ეწინააღმდეგება.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ "ოცნება" აჭრილია, ხოლო ივანიშვილი, რომელსაც შეეძლო კარგი მეცენატის სახელით შესულიყო ისტორიაში, "ოცნებას" უფსკრულში მიჰყვება.

მისივე თქმით, პარტიაში კადრების დეფიციტია და ამიტომ აბრუნებენ იმ პერსონებს, ვინც თავის დროზე სკანდალით წავიდნენ ხელისუფლებიდან.

"როგორც ჩანს, ალბათ ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობა მოუწევს, რომელიც ძალიან არ უნდოდა, “ოცნების” უბედურება ისაა, რომ ხალხი არ ჰყავთ, ახალგაზრდები საერთოდ არ ჰყავთ და იმავე ხალხს აბრუნებენ, რომლებიც თავის დროზე სკანდალით წავიდნენ, იგივე შოთაძე და სხვები, ივანიშვილიც არ მალავდა, რომ არ უნდოდა პრემიერ-მინისტრობა, ესე იგი რამდენად მძიმედაა საქმე, რომ მაინც ამ როლში მოდის.

ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ესაა აღიარებითი ჩვენება, რომ მას არავინ არა ჰყავს დედამიწის ზურგზე და თვითონ მოუწევს აკეთოს ის, რასაც ვერ იტანს, აკეთოს პოლიტიკა. ისე აჭრილია დღეს “ოცნება”, რომ რასაც აპირებენ, იმას გააკეთებენ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მის უფლება, თორემ ამერიკა კი ვერ შეუშლის არჩევნების გაყალბებას, მოსახლეობამ არ უნდა შეუწყოს მას ხელი, ყველა აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, რაც უფრო მეტი მივა, მით ნაკლები იქნება გაყალბების შანსი, ამერიკელები თავისთავად გაყალბებას ხელს ვერ შეუშლიან, ისინი დააფიქსირებენ ამ ყველაფერს”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბარში.