აქტუალური
ოთხი კონგრესმენი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოთხი ამერიკელი კონგრესმენი წერილით მიმართავს. ჯერი კონოლის, ადამ კინზინგერის, მაიკლ მაკკაულის და ელიოტ ენჯელის წერილის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელ ადამ კინზინგერის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

კონგრესმენის ცნობით, ოფიციალურ მიმართვაში გამოთქმულია შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნით და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლეთთან ინტეგრაციას.

ამ წერილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული წერილი არის მთავრობის მიერ ორი კონგრესმენისთვის გაგზავნილ წერილზე პასუხი.

ამჯერად წერილის ავტორი აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი. წერილის ავტორებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ცვლილებები, რომელიც უნდა მიღებულიყო ქვეყნის განვითარების ბედს განსაზღვრავდა შემდეგი წლების განმავლობაში და მისი ჩაგდებით საერთაშორისო პარტნიორებში ჩვენს მიმართ ნდობა განადგურდა. ეს ნდობა კიდევ უფრო შეარყია იმ განცხადებებმა, რაც შემდეგ გაკეთდა, რომ პარტიული შიდა დემოკრატიის გამო ჩავარდა კანონპროექტი. ეს არავისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ეს პროცესები დაიწყო და გაგრძელდება. ქვეყანას ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა და ეს რომ გაგრძელდება, ყველამ ვიცით, მაგრამ ამის გარდა რა ზიანიც შეიძლება მოგვადგეს ყველას, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. თუ "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რაიონათამიშვილის თქმით, ცალკეული კონგრესმენების პოზიციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და მხარდაჭერა, რაც იონათამიშვილის თქმით, საქართველოს აშშ-ის მხრიდან აქვს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.