პოლიტიკა
ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე, საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი - მევლუთ ჩავუშოღლუ

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიების დროს განაცხადა.

მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასდროს მოხდება ოკუპაციისა და ანექსიის აღიარება.

ვეთანხმები თუ არა რუსეთს ყირიმთან ან საქართველოსთან დაკავშირებით? არა. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ოკუპაციას და ანექსიას. ჩვენ გარშემო მრავალი გაყინული კონფლიქტია, საქართველოს ორი რეგიონი, მთიანი ყარაბაღი, ყირიმი. ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთს ზოგიერთ საკითხებზე, თუმცა ვთანამშრომლობთ მასთან მრავალ სფეროში“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემას, თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯის გადადგმას რუსეთის უკმაყოფილების შიშით ვერ ბედავენ.