უცხოეთი
ყალბი და იაფფასიანი: რუსი ექსპერტი მაიკ პენსის მოხსენებას აფასებს

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმიწითელი არმიის მიერ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ამერიკელი სტუმრის — აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გამოსვლა, რასაკვირველია, არ ყოფილა ყველაზე შთამბეჭდავი, თუმცა აღმოჩნდა ყველაზე რეზონანსული.

ვიქტორ მარახოვსკი

საქმე ის კი არაა, რომ პენსმა რამე ისეთი თქვა, არა! რეზონანსი გამოიწვია იმან, რაც მას საერთოდ არ უხსენებია.

კერძოდ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა ამერიკელი ჯარისკაცები (რომლებიც იქ არ ყოფილან) და საერთოდ არ უხსენებია საბჭოთა ჯარისკაცები (რომელთაც უბრალოდ კი არ გაათავისუფლეს ოსვენციმის ტყვეები, არამედ ამ საქმეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე შესწირეს).

მისი ინტერპრეტაციით, აუშვიცის კარიბჭე გახსნეს ვიღაც „ოლიმპიურმა ათლეტებმა სახელმწიფო კუთვნილების გარეშე“ დასჯილი რუსეთიდან – უსახურმა „ჯარისკაცებმა“.

...რისი თქმა შეიძლება. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, სავსებით შეესატყვისება XX საუკუნის ისტორიის უახლეს კონცეფციას, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ შეიქმნა და რომელიც გასაოცარი მონდომებით ინერგება.

კონცეფციის თანახმად, XX საუკუნეში არ არსებობდა ძლიერი ქვეყანა საბჭოთა კავშირი თავისი ტრაგიკული, მაგრამ დიდებული ისტორიით. არც მის მიერ ჩადენილი გმირობა არსებობდა. არ არსებობდა ქვეყანა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ფერფლისგან შეიქმნა და რომელმაც ინტერვენტებისა და ახალი აღმოსავლეთ ევროპული მინიიმპერიების შეტევას გაუძლო, აღორძინდა ნანგრევებისგან, წლობით ცდილობდა მოკავშირეების პოვნას ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ და ვერ იპოვა, მოიგერია და დაამარცხა ნაცისტური გერმანია, გაათავისუფლა ოსვენციმი და დაიპყრო ბერლინი, შემდეგ კი, მსოფლიო ისტორიაში პირველად, გავიდა კოსმოსში – ეს ქვეყანა არ არსებობდა.

სამაგიეროდ იყო სხვა ქვეყანა – ტოტალიტარული საბჭოთა კავშირი, რომელიც შავბნელი რუსეთის იმპერიისგან წარმოიქმნა, შეეკრა ჰიტლერს მშვიდობიანი პოლონეთის გასანაწილებლად, რისთვისაც საფასური გადაიხადა, იარსება რამდენიმე ათწლეული ტოტალიტარული რეიხის შემდეგ, დაიპყრო აღმოსავლეთი ევროპა, მაგრამ დამარცხდა თავისუფალ სამყაროსთან ისტორიულ ორთაბრძოლაში და... მთვარეზე ადამიანი გაგზავნა. სსრკ დაიშალა, მაგრამ მისმა ნამსხვრევებმა კვლავ მუტაცია განიცადა და გარდაიქმნა თანამედროვე პუტინის რუსეთად, განაგრძობს ბოროტების თესვასა და არჩევნებში ჩარევას.

ეს კონცეფცია მოკლებულია რაიმე სახის წინააღმდეგობას, ის სავსებით გამართულია. მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს: XX (და უკვე XXI) საუკუნის ისტორიაში ჩაწერილია უდიდესი გმირობები, კეთილი საქმეები, რომლებიც ამ „მორდორმა“ გააკეთა.

და კონცეფციის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება – მათი არხსენებაა.

ჩვეულებრივ, კარგადაც გამოდის ხოლმე – თავისუფალ სამყაროს, როგორც ცნობილია, აქვს რეალობის პულტი, რომლითაც შეუძლია ისტორიის უკან გადახვევა და ზედ წარწერის დადება – „აქ არაფერი მომხდარა“.

ტვინის მრავალწლიანი გამორეცხვის გზით შეიძლება მეორე ფრონტის (რომელიც გერმანიის დამარცხებამდე ერთი წლით ადრე გაიხსნა) გარდაქმნა პირველად.

შეიძლება ისეთი უკვდავი ზომბი-მითების გავრცელება, როგორიცაა, მაგალითად, „გაუპატიურებული გერმანია“ (იგი შესანიშნავად ანაცვლებს ბერლინის შტურმის ფაქტს).

მაგრამ როდესაც საქმე ნამდვილ ისტორიას ეხება და მის ხსოვნას აზიანებს, „რეალობის პულტი“ გამართულად ვეღარ მუშაობს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სიტყვით გამოდის ოსვენციმის გათავისუფლების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და უბრალოდ ვერ ამბობს ფრაზას – „წითელმა არმიამ გაათავისუფლა ოსვენციმი“. მის სამარცხვინო პროგრამაში ეს ფრაზა უბრალოდ არ ჯდება, მისი წარმოთქმა არ შეიძლება, აბსურდულია და ზედმეტი. ოსვენციმი თავისთავად გათავისუფლდა: ვინაიდან გათავისუფლება – ეს სიკეთეა, რუსები კი სიკეთეს ვერ დათესდნენ. ოსვენციმი თავისით გათავისუფლდა, ვიდრე პოლონეთს, რომლის ტერიტორიაზეც ის შემთხვევით აღმოჩნდა, საბჭოთა ოკუპანტები იპყრობდნენ (დაპყრობა – ბოროტებაა. მისი ჩადენა საბჭოთა ხალხს შეეძლო).

ამავე მიზეზით იერუსალიმში არ იმყოფებოდა პოლონეთის პრეზიდენტი. პოლონეთი იმდენ ხანს შრომობდა მეორე მსოფლიო ომის მთავარი მსხვერპლის იმიჯზე (მოკრძალებული ზედწოდებაც კი მოიფიქრეს – „ევროპის იესო ქრისტე“), რომ მისთვის რუსეთის მხრიდან ფაქტების უბრალოდ შეხსენებაც კი აუტანელი აღმოჩნდა.

იმ ფაქტებისა, თუ როგორ ცდილობდა პოლონეთი ჰიტლერთან დამეგობრებას ანტისემიტიზმის საფუძველზე და იყოფდა მასთან ჩეხოსლოვაკიას 1938 წელს.

იმ ფაქტებისა, როგორ ჟლეტდა კრაიოვის არმია ებრაელებს.

ვარშავას უბრალოდ ნერვებმა უმტყუნა. ის შეეჩვია, რომ შეუძლია ათეულობით წლის განმავლობაში მოითხოვოს ბოდიშები კატინის გამო და არ მოისმინოს შენიშვნები. მან არ იცის, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს, როდესაც საკუთარ წარსულს ახსენებენ.

აი აშშ კი არ ღელავს. მათთვის მეორე მსოფლიო ომი 1944 წელს დაიწყო – ანუ მათ დიდი ნაწილი გამოტოვეს. მათთვის ეს უფრო მასალაა კინოსცენარისთვის, კინოში კი ყველაფერი შესანიშნავად გამოსდით. იქ ჰიტლერი შეიძლება პარიზის კინოთეატრში ამერიკელებმაც კი დახვრიტონ.

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ რეალობა კინო არ არის.

და როდესაც იმ ადამიანების წინაშე, რომელთა მეხსიერებაც გაჯერებულია ნამდვილი ომით – ნაწამებთა, გათავისუფლებულთა თუ განმათავისუფლებელთა შთამომავლების წინაშე – გამოდის გახარებული პოზიტიური უცხოელი და გაკვრითაც კი არ ახსენებს განმათავისუფლებელთა ვინაობას, იმიტომ რომ ეს კონცეფციას არ ესადაგება, ყველასთვის ნათელი ხდება, როგორი იაფფასიანი სიყალბეა ჩამოსული. პენსი.

sputnik-georgia.com