უცხოეთი
ეუთო-სა და ევროპის საბჭოს დამკვირვებლები აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს კრიტიკულად აფასებენ

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ეუთო-სა და ევროპის საბჭოს დამკვირვებლები აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს კრიტიკულად აფასებენ. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ფრანკ შვაბემ განაცხადა, აზერბაიჯანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მთელ პროცესს ვაკვირდებოდით, მათ შორის მედიის თავისუფლების ხარისხს ვსწავლობდით. ასევე აქვს თუ არა ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ჩვენ, პოლიტიკური პატიმრების გამო შეშფოთებულები ვართ, ზოგი გათავისუფლდა, მაგრამ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. რაც შეეხება საარჩევნო დღეს, ეს იყო ნამდვილად შემაშფოთებელი. ვნახეთ, რომ დათვლის პროცესი არ ჩატარებულა მოწესრიგებულ გარემოში. იყო ბევრი პრობლემა უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლების 60-მა პროცენტმა თქვა, რომ დათვლის პროცესი იყო ცუდი. ჩემი შეფასებით, აზერბაიჯანში არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ ყოფილა“, – განაცხადა ფრანკ შვაბემ.

დარღვევებზე საუბრობს ეუთო-ს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ტეილერიც.

ჩვენ ვნახეთ ბევრი ხარვეზი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ძველი რეკომენდაცია, მათ შორის ისინი, რომლებიც ეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და გარემოს, არ არის გათვალისწინებული და შესრულებული. ჩვენ ვერ ვიტყვით, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი. ჩვენ უფრო ფართო მეთოდოლოგია გვაქვს. ჩვენ ბევრ საკითხებს ვსწავლობთ. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მონაცემების მიღებასა და საბოლოო ანგარიშში ავსახავთ“, – განაცხადა პიტერ ტეილერმა.

როგორც პირველ არხთან საუბარში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიის კოორდინატორმა არტურ გერასიმოვმა განაცხადა, მიუხედავად რეგისტრირებული კანდიდატების დიდი რაოდენობისა, არჩევნების შედეგების დათვლის პროცესმა უნდობლობა გამოიწვია.

მიუხედავად კანდიდატების დიდი რაოდენობისა და მათი რეგისტრაციის პროცესის ინკლუზიურობისა, არჩევნების დროს ხმების დათვლამ დიდი უნდობლობა გამოიწვია. ეს არის წინასწარი შეფასება. დეტალური ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა, რომელიც არჩევნების დროს იყო გამოყენებული, ზოგიერთ შემთხვევაში კარგად მუშაობდა. მაგრამ დათვლის პროცესმა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა არტურ გერასიმოვმა.