აქტუალური
"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ამერიკული კომპანია დაიქირავა აშშ-ში ლობირებისთვის

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-სთან.

შეთანხმებაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

როგორც DCI Group AZ, L.L.C.-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის 12 თებერვალს შეტანილ სარეგისტრაციო განაცხადშია ნათქვამი, კომპანია დაქირავებულ იქნა, „რათა ლობირება გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, როგორც სანდო და პრაგმატულ პარტნიორს დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში, რომელიც განუხრელად ერთგულია დასავლური დემოკრატიული ლიბერალური იდეალებისა და საქართველო-აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობებისა“.

კონტრაქტის თანახმად, ლობისტური კომპანია დამკვეთის ინტერესებს დაიცავს მედიაში მის სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელებით.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიას აქამდე მსგავსი სამსახური არ გაუწევია ამ დამკვეთისთვის.

კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 33 333 დოლარი.

კონტრაქტის მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე.

რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ-ბრიტანულ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან.