პოლიტიკა
აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები

abkhaziaაფხაზეთის სტატისტიკის სამსახურმა მოსახლეობის თებერვალში ჩატარებული აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რეგიონის მოსახლეობა 242 826 კაცს შეადგენს.

აფხაზეთში 2003 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, იქ 214 000 ადამიანი ცხოვრობდა.

აფხაზეთში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის საკამათო იყო და სხვადასხვა წყარო განსხვავებულ მონაცემებს ასახელებდნენ – 180 000-დან 220 000-ის ფარგლებში.

აფხაზეთის 2005 წლის არჩევნებისთვის დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე (129 127) დაყრდნობით, ბრიუსელში არსებული კვლევითი ცენტრის, კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group) ვარაუდით, აფხაზეთის მოსახლეობა 157 000-დან 190 000-მდე ადამიანს უნდა შეადგენდეს.

როგორც აფხაზეთის სტატისტიკის სამსახური აცხადებს, 2011 წლის აღწერის საბოლოო შედეგები, მათ შორის, მონაცემები მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ, ამ წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

წინასწარ შედეგებში მოყვანილია მოსახლეობის დაყოფა ქალაქებისა და აფხაზეთის რაიონების მიხედვით. ამ მონაცემთა თანახმად, ქალაქ სოხუმში მოსახლეობის რაოდენობაა 64 478, გალის რაიონში – 30 437, ხოლო მთლიანად სოხუმის რაიონში – 76 523.

სხვა რაიონების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა ასე წარმოგვიდგება: გაგრის რაიონი – 39 342; გუდაუთის რაიონი – 37 143; ოჩამჩირის რაიონი – 25 235; გულრიფშის რაიონი – 18 146, ტყვარჩელის რაიონი – 16 000.