სამართალი
ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყო

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პარლამენტის შენობასთან პოლიცი იყო მობილიზებული, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების რიცხვი იზრდებოდა – სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის დანიშვნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქცია წინა დღესაც გაიმართა. გუშინდელი აქცია კი პარლამენტის ბიუროს სხდომას უკავშირდებოდა, რომელზეც განისაზღვრებოდა, თუ როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა.

სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ისინი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, ამიტომ უნდა შეიცვალოს ივანიშვილის მთლიანი ვერტიკალი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

აქტივისტები და ოპოზიცია უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ პოლიცია მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანზე საშვი იყო დაშვებული.

მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რის გამოც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ მათ გზის გათავისუფლება მოსთხოვა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.

აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყვეს და მათ შეურაცხმყოფელი შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.

წინა დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს უყარა კენჭი. შოთაძეს საპროკურორო საბჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი.

36 წლის ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე.

შოთაძის პროკურორობის პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა პროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.

ამ პერიოდში პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.

თუმცა, 2017 წლის დეკემბერში მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შოთაძის კარიერისათვის ფატალური აღმოჩნდა. პროკურატურამ ვერ დაამტკიცა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობა და შოთაძე საპროტესტო აქციების და საზოგადოების აღშფოთების ფონზე გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმეში გარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.

მანამდე შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდნენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.