სამართალი
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.

კენჭისყრაში მონაწილეობა 7-მა დეპუტატმა არ მიიღო. რეგისტრაცია სულ 89 დეპუტატმა გაიარა, ხოლო შოთაძეს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დატოვეს, მათ შორის დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა.

ბოიკოტის ნიშნად, პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არცერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.