სამართალი
ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში, ე.წ. გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. რასაც აქ ვხედავთ, უკანონოა, მიუღებელია ვითარება, როცა ერთი ქვეყანა მეორის ოკუპაციას ახორციელებს, ეს უნდა დასრულდეს ,- ამის შესახებ ევროსაბჭოს ადდგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურვალეთში, ე.წ. გამყოფ ხაზთან ჩავიდა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო მეტად უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების განხილვა.

ის, რასაც აქ ვხედავთ, რა თქმა უნდა, უკანონოა. როდესაც ევროპაში გვაქვს ისეთი ვითარება, როცა ერთი ქვეყანა მეორის ოკუპაციას ახორციელებს, ეს სიტუაცია მიუღებელია, შესაბამისად, ეს უკანონოა და უნდა დასრულდეს. ამის განხილვა იმაზე უფრო მეტად უნდა ხდებოდეს, ვიდრე დღეს არის, რადგან ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოება დღეს უფრო მეტად არის დაინტერესებული სირიის, ერაყის, აფრიკის ზოგიერთი ნაწილის ვითარებით. ისინი ამდენს არ საუბრობენ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ დისკუსიები, ინფორმირება, უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ ეს სიტუაცია დღეს ევროპაში ხდება და სრულიად მიუღებელია. ეს ხდება მსხვერპლის მიზეზი, ხალხი კვდება, ხალხი იტანჯება ასეთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმად, ჩემთვის, როგორც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტისთვის, მნიშვნელოვანია, კონგრესი დაინტერესებულია, თუ როგორ უმკლავდება ხალხი ამას ადგილზე. ეს გავლენას ახდენს აქ ხალხზე, მათ შესაძლებლობებზე, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ მუშაობაში, არჩევნებში და ყველა მსგავს საკითხში, ნამდვილი დემოკრატიის მშენებლობისთვის“,- განაცხადა ევროსაბჭოს ადდგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ.

მისივე თქმით, ევროპულ საბჭოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს და შეეცადონ, გახდნენ პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ომი გამოსავალია. თუმცა, მესმის დაძაბულობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც ასე ექცევა მეზობელი. უნდა განვაგრძოთ დისკუსიები, მოლაპარაკებები და არ დავივიწყოთ, რადგან მსოფლიოში მრავალი ადგილია, სადაც მსგავსი ვითარებაა და ეს წლები გრძელდება. ეს უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება უნდა განვახორციელოთ არსებული ვითარების შესახებ, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, მოქალაქეებისაც. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება ევროპაში“,- განაცხადა ანდერს კნაპემ.