სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო კალანდიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა – ის 2017 წელს 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ გამოყენებით, ბრალდებულს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით", – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო მოსმენების დროს ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, თუმცა მოწმეების ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზები, ასევე საქმის სხვა მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბრალდებული დამნაშავედ ეცნოთ.

აღსანიშნავია, რომ განაჩენი შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.