აქტუალური
მივესალმებით აღმოსავლეთ პარტნიორობაში სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას - გიორგი გახარია

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გაფართოებული შეხვედრის დროს დემოკრატიული განვითარებისა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გახარიას განცხადებით, სწორედ დემოკრატიული განვითარება და რეგიონში სტაბილურობა არის საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის როგორც ეკონომიკურ, ისე კულტურულ და განათლების სფეროებში.

ჩვენი გეგმა შედეგია – ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ ვიზიტის დროს ერევანში. შემდგომ უკვე განვიხილავთ ახალ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ისე სომხური მხარესთვის. მინდა, რამდენიმე ასპექტს გავუსვა ხაზი. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენი რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და რა თქმა უნდა, რეგიონში სტაბილურობა. ეს არის საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების სფეროებში და მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში არსებული ყველა სამწუხარო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეები ვართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარების შემდგომი გაღრმავება.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარების შემდგომი გაღრმავება. გარდა იმისა, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, ჩვენ ამ სახის განვითარებას მივიჩნევთ ქვეყნის დემოკრატიზაციის, უსაფრთხოების და შემდგომი ეკონომიკური განვითარების საფუძვლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით სომხეთის აღმოსავლეთ პარტნიორობაში აქტიურ თანამშრომლობას. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესი არის როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების საფუძველი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიზაციის მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი ნაბიჯებისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს დელეგაციას და ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, გიმასპინძლოთ თბილისში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.