აქტუალური
აფხაზეთის გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

განკარგულებით, აღნიშნული შეზღუდული რეჟიმი 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს. „კომენდანტის საათის“ განმავლობაში მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. მანამდე, გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა 28 მარტს გამოაცხადა ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე მოქმედებდა, რაც დაკავშირებული იყო, იმ დროისთვის, მდინარე ენგურზე გახშირებულ მიმოსვლასთან.

ცნობისთვის, 29 მარტს გალის რაიონიდან ადგილობრივი მცხოვრები ქალი კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.