აქტუალური
საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დამატებითი რეისები დაინიშნა

 საქართველო, 6 პრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები.

საგარეო უწყების ცნობით, ეს მიმართულებია: 16 აპრილი - პარიზი-თბილისი; 18 აპრილი - თელავივი-თბილისი; 21 აპრილი - რომი-თბილისი.

რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება: 7 აპრილი - ათენი -თბილისი; 10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი; 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე. მოქალაქეები ორგანიზებულად დაბრუნდნენ შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა - 2.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.