სამართალი
კორონავირუსის მეორე შემთხვევა აფხაზეთში - გაგრაში საკომენდატო საათი ამოქმედდა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. 8 აპრილიდან გაგრის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოვალეობის შესმრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეების გადაადგილება იკრძალება 20 - დან 07 საათამდე, წერს "აფსადგილ ინფო".

მანამდე აღნიშნული რეგულაციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ გაგრის რაიონის "ხელმძღვანელმა" ვალერი ჯენიამ განაცხადა.

8 აპრილს აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შამთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი, წინა დღეს გაგრაში დადასტურებული პირველი ინფიცირებულის კონტაქტია, ამის შესახებ ოპერატიული შტაბი ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, მოქალაქე თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას შესაბამისი მკურნალოა უტარდება.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.