საზოგადოება
თბილისს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჩამოსულები სტუმრობდნენ

topadzeარასამთავრობო ორგანიზაცია „International alert“-ის ორგანიზებით, თბილისს აფხაზეთის 12 და ცხინვალის რეგიონის 7 წარმომადგენელი სტუმრობდა.

როგორც ცნობილმა ბიზნესმენმა და საზოგადო მოღვაწე გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს აცნობა, აფხაზები და ოსები თბილისში სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა მისიით იმყოფებოდნენ, მათი ვიზიტი კი ორგანიზებული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „International alert“-ის მიერ, რომლის წარმომადგენელი საქართველოში თენგიზ სვანიძეა.

„სტუმრების ნაწილი ჩვენთან სამკურნალოდ იყო ჩამოსული. ნაწილმა აქ ახლობლები მოინახულა. თბილი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის, აღდგომის მეორე დღეს აფხაზეთში ახლობლების საფლავების მოსანახულებლად ქართული დელეგაციის შესვლა რომ მოხერხდეს. ეს იდეა მათაც მოეწონათ და დაგვპირდნენ, რომ დე ფაქტო მთავრობას გაესაუბრებიან. იმედი მაქვს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში არსებული ზოგიერთი რადიკალის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს მაინც მოხერხდება“, – განაცხადა თოფაძემ, რომელმაც აფხაზეთიდან ჩამოსული სტუმრები გააცილა.

ჟურნალისტების შეკითხვას – იყო თუ არა ინფორმირებული ამ ვიზიტის შესახებ საქართველოს ხელისუფლება, მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„ამ ხელისუფლებასთან პირადად მე სალაპარაკო არ მაქვს“, – დასძინა თოფაძემ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები დაახლოებით ერთი თვის წინათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე – კვიპროსში გაიმართა. მაშინ ქართული, აფხაზური და ოსური მხარეების წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზატორი 2005 წელს შექმნილი ორგანიზაცია „ბიზნესისა და განვითარების კავკასიის ქსელი“ იყო, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ბიზნესის როლის გაზრდაზე მიმართულ პროექტებსა და ინიციატივებს ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული და აფხაზური მხარე – 7-7 წევრით, ოსური კი 2 ბიზნესმენით იყო წარმოდგენილი. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონფლიქტის მოგვარების კვიპროსულ მოდელს გაეცნენ.

„ჩვენ გავეცანით კონფლიქტის მოგვარების კვიპროსულ მოდელს, თუმცა პირადად მე იგი არ მომწონს. კვიპროსში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ფაქტობრივად, ორი სახელმწიფოა: კვიპროსის თურქული რესპუბლიკა და მისი ბერძნული ნაწილი. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის განხორციელება მხოლოდ კვიპროსის ბერძნულ ნაწილს შეუძლია, რადგან ევროკავშირი მას აღიარებს, თურქულ ნაწილს კი მხოლოდ თურქეთში ექსპორტის საშუალება აქვს. მე პირადად მსგავსი მშვიდობა მშვიდობად არ მიმაჩნია“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.