აქტუალური
ცისანა გემაზაშვილი: წმინდა ცეცხლს საქართველოში აღდგომის ღამეს, 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ტურისტული სააგენტოს “პილიგრიმ ტურსის” ხელმძღვანელის ცისანა გემაზაშვილის თქმით, საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავი შაბათს ჩაფრინდება თელ-ავივის აეროპორტში, სადაც საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია წმინდა ცეცხლს გადასცემს სასულიერო პირებს, რომლებიც თვითმფრინავში იქნებიან, მამა თეიმურაზ მჟავანაძეს და მამა დავით თავაძეს, აგრეთვე თავად ცისანა გემაზაშვილიც იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელში ამოქმედებულია საგანგებო მდგომარეობა, მათ არ აქვთ უფლება თვითმფრინავიდან ჩავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ისრაელის ტერიტორიაზე ფეხს დაადგამენ, მათ მოუწევთ კარანტინში ყოფნა.

ასევე, მისი თქმით, მათთან ერთად საქართველოში დაბრუნება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. მომლოცველობითი სააგენტოს ტურიზმის ხელმძღვანელის თქმით, წმინდა ცეცხლს საქართველოში კვირას, 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ.

წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას, ყველას. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სიყვარული დაგვაკლდა. უნდა გავამრავლოთ სიკეთე.

23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე.

წამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იქ არიან, რამდენი ადამიანიც ჩაეტევა თვითმფრინავში. თბილისის აეროპორტში 23:15 საათისთვის უკვე უნდა იყოს ჩამოფრენილი თვითმფრინავი და პირდაპირ სამებაში მოვალთ“, – განაცხადა გემაზაშვილმა.