სამართალი
ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი საერთო ჯამში 20 ადამიანს დაუდასტურდა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოიკვეთა 203 კონტაქტი, მათ შორის უკვე გამოკვლეულია 187 პირი.

ზაალ მიქელაძე პირადად იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, იუწყება პირველი არხი.

მინისტრის თქმით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებს.

12 აპრილს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება და ერთი შემოტანილია. ეს არის თურქეთიდან სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოსული მოქალაქე, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

აჭარაში დღეისათვის 25 ინფიცირებული პირია.

12 აპრილსვე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში.

მკაცრი კარანტინი მოქმედებს ასევე მარნეულში, ბოლნისში და ლენტეხში.