აქტუალური
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით, უნდა იყოს მიღებული ეფექტური ზომები ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდის თავიდან ასაცილებლად, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დადგეს აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ისედაც არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენისა და მართვის სისტემის ეფექტურობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ სხდომაზე წარადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გაიზარდოს სერვისის ხარისხი ბრძოლის წინა ხაზებზე 112-ის ოჯახის ექიმის მომსახურების კუთხით, „ცხელების კლინიკებსა“ და სტაციონარებში.

ამასთან, აქტიურად გაკონტროლდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტიანობა და უწყვეტობა. ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს.

ასევე გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, დაინიშნა ორი ახალი რეისი, 30 აპრილს – მადრიდი-თბილისი, ხოლო 2 მაისს – პრაღა-თბილისი, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოისმინეს ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.