სამართალი
საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრს ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედება ბრალი. თუმცა, სასამართლომ არეულობის ორგანიზების ნაწილში იგი გაამართლა.

საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობდნენ, არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მანიფესტანტები პარლამენტში შესვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი დაშავდა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და მეორე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა და ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები.

არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა აქციის 17 მონაწილეს.

20–21 ივნისის აქციაში მონაწილეობის გარდა, ირაკლი ოქრუაშვილს 2004 წელს მომხდარი ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეზეც წარედგინა ბრალი. ამ საქმესთან დაკავშირებით პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.