აქტუალური
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზრდება

  საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 2020 წელი გლობალური ეკონომიკისთვის დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესი იქნება, – ასეთ პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აკეთებს.

როგორც „ასოშიეტედ პრესი“ წერს, სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკა პანდემიის შედეგად 3 პროცენტით შემცირდება. ამავე პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ნავარაუდევია 5,8 პროცენტიანი ზრდა. თუმცა, ზრდის პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია.

სსფ-ს ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკა წელს 5,9 პროცენტით, ევროზონის წევრ 19 სახელმწიფოში კი 7,5 პროცენტით შემცირდება. ეკონომიკა 5,2 პროცენტით შემცირდება იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოში – 6,5 პროცენტით.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკა 2020 წელს 4 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ნავარაუდევია 3 პროცენტიანი ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალურ ეკონომიკურ პროგნოზს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს. ანგარიშს მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ.