აქტუალური
ირაკლი ჩიქოვანი ოთხი დიდი ქალაქის ჩაკეტვის შემდეგ დაშვებულ გამონაკლისებზე საუბრობს

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე იმ სუბიექტებზე ისაუბრა, რომლებსაც გამონაკლისის სახით, 21:00 საათიდან ოთხი დიდი ქალაქის (თბილის, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი) ჩაკეტვის შემდეგ, შეზღუდვები არ შეეხებათ.

ჩიქოვანმა განმარტა, რომ დასახელებულ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებული. მათვე 10 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტების დატოვების უფლება არ ექნებათ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებს მხოლოდ ის მოქალაქეები დატოვებენ, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზრუდვები არ შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:

სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

ბრლადებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას;

ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების, ასევე სხვა ფასეულობების ინკასაციას;

ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუციელებლ გადაადგილებას;

სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მოწოდების მიზნით გადაადგილებას;

სამომსახურეო-სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან;

ჟურნალისტების საქმიანობას და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების გადაადგილებას;

სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულების გადასვენება ან დაკრძალვა);

ჰუმანიტარული მიზნებისათვის საერთაშორისო ოგანიზაციების გადაადგილებას;

კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს;

მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შესასრულებლად.

ჩიქოვანმა ხაზგამით აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა გადაადგილების დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

მთავრობის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და „ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“. ამიტომ, მან მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.