აქტუალური
დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მანვე მიმართვაში „მორწმუნე ადამიანები“ ცალკე გამოყო და თქვა, რომ ისინი ქვეყნის წინაშე „ორმაგად პასუხისმგებლები“ არიან, „რამეთუ [მათი] სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი“.

ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მინდა მოვუწოდო, რომ დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე, როგორც არასდროს ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა“, – მიმართა მან მორწმუნეებს.

კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ „სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ“ და „ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ“. დედაქალაქის მერის განმარტებით, კორონავირუსი „მთელი მსოფლიოს პრობლემაა“, ამიტომაც მან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების პასუხისმგებლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

კალაძემ იქვე განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღდვები „ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი მაგრამ ამ შემთხვევაში არ განიხილება და არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი“.