აქტუალური
სუს-ი: შარშან საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა იყო

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. გასულ წელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის ძირითად მიზანს საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება წარმოადგენდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახური განაგრძობდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის, სახელმწიფო საიდუმლოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის, შიდა და გარე საფრთხეების შემცირებისა და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში თანაცხოვრების უზრუნველყოფისკენ მიმართულ საქმიანობას.

მიმდინარეობდა ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და ანალიტიკური მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფისკენ მიმართული საფრთხეებისა და ქმედებების პროგნოზირების, გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთა-განეიტრალების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული იქნა შესაბამისი ქმედითი ზომები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების შესაძლო საქმიანობის, კავშირების, დაინტერესების სფეროების გამოვლენისა და მათი მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან სახელმწიფოს დაცვის მიზნით.

გასულ წელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის ძირითად მიზანს საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება წარმოადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი უცხოური თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე ასეულ ოპერატიული აღრიცხვის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული, როგორც ოპერატიული, ასევე კონტრდაზვერვითი ღონისძიებები“,- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა.

გავლენის მოსაპოვებლად რუსეთი კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ და კიბეროპერაციებსა და მედიამანიპულაციებს.

2019 წელს კვლავ გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობა, რაც გარკვეული თვალსაზრისით მიზნად ისახავდა შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, ასევე მმართველობის ფორმების, ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას.

ადგილი ჰქონდა მცდელობებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოეჩინათ არასტაბილურ, არასანდო პარტნიორად, ხოლო აღნიშნული გამოეყენებინათ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად და ქვეყნის განვითარების შესაფერხებლად“,- ნათქვამია ანგარიშში.