სამართალი
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში კორონავირუსი 30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, საბაჟო–გამშვებ პუნქტზე მუშაობდა და კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება. ის რამდენიმე დღის წინ მშობლებთან თბილისიდან ჩავიდა, საიდანაც ბაკურიანის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები ახლა მისი კონტაქტების დადგენას ცდილობენ.

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის განცხადებით, ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ექვსი პირი კი, რომელთანაც მას შეხება ჰქონდა, საკარანტინე ზონაში არიან გადაყვანილი. 15 აპრილს ბორჯომის ცხელების ცენტრში ინფიცცირებული მამაკაცის ოჯახის ერთი წევრი გადაიყვანეს, საბედნიეროდ, ტესტის პასუხი უარყოფითი დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში ერთადერთი რეგიონი, სადაც ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, კახეთია.