პოლიტიკა
2 მაისი – „სამართალი მოდის“

samartalimodisუზენაეს სასამართლოსთან სახალხო კრების წარმომადგენლებმა პროექტის – „სამართალი მოდის“ – პრეზენტაცია გამართეს. როგორც ირაკლი ბათიაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2 მაისამდე ისინი პროცესების გააქტიურებას აპირებენ და ამ მიზნით დაგეგმილი აქვთ კონკრეტული ღონისძიებები, უშუალოდ 2 მაისის გეგმებზე საუბარს კი ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევენ.

ახალ პროექტს – „სამართალი მოდის“ – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი შალვა ოგბაიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც საზოგადოებას პროექტის ძირითადი პრინციპები გააცნო.

„პროექტი ყველა უფლებადარღვეული ადამიანის შესახებ ინფორმაციის ასახვას და სპეციალური ბაზის შექმნას ითვალისწინებს. უფლებადარღვეულებს მოვუწოდებთ, დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 10-60-44 და შეგვატყობინონ მათი უფლების დარღვევის ფაქტები. ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას ამ ფაქტებზე და შევიყვანთ სპეციალურ ბაზაში, რომელსაც შემდგომ ზარალის კომპენსაციის მიზნით ხელისუფლებას წარვუდგენთ“, – განაცხადა ოგბაიძემ.

ამასთან, პროექტის ფარგლებში მაღალი თანამდებობის პირების მიერ უკანონოდ მისაკუთრებული ქონების მხილებაც იგეგმება. როგორც პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მოძრაობა „არას“ ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, მათ აქვთ კონკრეტული თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა ქონების შესახებაც ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან.