პოლიტიკა
რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით - სერგეი ლავროვი

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ ვიდეოპრესკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსეთისა და საქართველოს ინტერესების სექციები კავშირების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, თუმცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სრულყოფილი საელჩოს საშუალებით საკითხები უფრო ეფექტიანად გადაიჭრებოდა.

დღეს შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია და მოსკოვში ქართული ინტერესების სექცია, ელჩები არ გვყავს. მუშაობენ სექციის ხელმძღვანელები. ეს იძლევა კავშირების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა, ეს რომ სრულყოფილი საელჩო ყოფილიყო, მაშინ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული საკითხების გადაწყვეტა უფრო ოპერატიულად და ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, თუ საქართველო რუსეთს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას შესთავაზებს, მოსკოვი ამ საკითხის განხილვისთვის მზად არის.

ასევე, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს უახლოეს პერიოდში მოაგვარებენ.

რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველო იღებს გაზპრომისგან გაზს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ავიამიმოსვლა. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობური კამპანია არ იყოს“, – განცხადა ვიდეოპრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა.