სამართალი
საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანაა - „ევროაქტივი“

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. პრორუსი სეპარატისტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას თავიანთ სასარგებლოდ ბორდერიზაციის გასაგრძელებლად იყენებენ, თუმცა ამ რეგიონების მცხოვრებ ადამიანებს პანდემიასთან ბრძოლის დროს საქართველოს წარმატების იმედი აქვთ, – ამის შესახებ გამოცემა „ევროაქტივის“ სტატიაშია აღნიშნული.

„ევროაქტივი“აღნიშნავს, რომ საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანაა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ „არალეგალური ბორდერიზაციის გაგრძელების კიდევ ერთი მაგალითი საერთაშორისო საზოგადოებამ სოფელ ტახტისძირთან იხილა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამას საერთაშორისო საზოგადოების მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მათ დაგმეს ეს ნაბიჯი. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მომხდარს „ყოვლად მიუღებელი“უწოდა.

რუსეთი „კოვიდ-19“-ის პანდემიას საფარად იყენებს, რათა საქართველოში „ბორედრიზაცია“ გააგრძელოს“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც „ევროაქტივთან“ინტერვიუში, ევროპის სამეზობლოში კონფლიქტების დარეგულირებაზე მომუშავე ორგანიზაცია „ლინკს ევროპის“ დირექტორი დენის სამუტი ამბობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები თბილისიდან მიღებულ ინფორმაციას ყურადღებით ადევნებენ თვალს.

ასე რომ, საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის ქმედებები, მოუგვარებელი კონფლიქტების კონტექსტშიც მნიშვნელოვანია“, – აცხადებს სამუტი.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას მსოფლიოში აქებენ. ამიტომ ეს შესაძლოა, აისახოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების განწყობაზეც.

კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარება დამოკიდებულია იმაზე, როდის იგრძნობენ აფხაზები და ოსები, რომ ქართველებთან ერთად კომფორტულად ცხოვრება შეუძლიათ, ერთ სახელმწიფოში, ამ პანდემიის შედეგად შესაძლოა, ეს შესაძლებლობა უფრო რეალური გახდეს. ამისთვის აუცილებელია ქართველების ძალისხმევაც“, – ნათქვამია სტატიაში.

„ევროაქტივი“ აღნიშნავს, იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად მზადაა.

კორონავირუსით ინფიცირებულ, ერთ აფხაზ ქალს სამედიცინო დახმარება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუწიეს. სამხრეთ ოსეთმა კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოუვლენიათ, სრულად ჩაკეტა საზღვრები“, – წერს ავტორი.

გასაოცარია, რომ გლობალური პანდემიის დროსაც კი, რუსეთი და სამხრეთ ოსეთში მის მიერ მართული რეჟიმი აგრძელებს ამგვარ აქტიურობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს“, – აცხადებს სამუტი.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეპიდემიასთან სამაგალითოდ ბრძოლის გაგრძელებას, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საქართველოს იმიჯს რეგიონში“.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ყურადღებით აკვირდებიან დანარჩენ საქართველოში მოვლენების განვითარებას“, – წერს სტატიაში „ევროაქტივი“.