სამართალი
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

საკითხი გუშინ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ათი წინაღმდეგი წავიდა.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. ასევე, მთავრობის მხრიდან საკითხი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით, 21 აპრილამდე გამოცხადდა. ახლახან კი, მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვადის გახანგრძლივებას ხელი მოაწერა და შესაბამისი ბრძანება გამოსცა.