სამართალი
ვანის მუნიციპალიტეტში ბლოკპოსტები უქმდება

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში ბლოკპოსტები უქმდება, ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მთლიანად ექვემდებარება კონტროლს, ამიტომ ბლოკპოსტების აუცილებლობა აღარ არის.

ე.წ. ვანის კლასტერში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა, სამი კი ქუთაისის ინფექციური საავადყოფოდან ოთხშაბათს გაეწერება.

ვანის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 8 აპრილს დაწესდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გუშინ მოიხსნა ასევე ლენტეხსა და ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში.