აქტუალური
ვერ წამომიდგენია, სააკაშვილი უკრაინას ურთიერთობის სასწორზე დადებად უღირდეს - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. „მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.

ამავე განცხადებაში, ზურაბიშვილი წერს, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაური კარგად აცნობიერებს იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა.

საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და პატივისცემაზე, ჩვენს საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე. მიუხედავად ამისა, ამდღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება", -წერს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის წერს, რომ დღეს შემქნილ ვითარებას განიცდის და რომ ის მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს.

ყველაზე მთავარი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს გვაერთიანებს, ესაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად მიმართული ჩვენი სოლიდარობა დაერთობლივი ძალისხმევა. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო, ან - უკრაინა.

პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება", - წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება.

მე ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ - ორ ქვეყანას ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები", - წერს ზურაბიშვილი.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერი გახდება, შესაძლოა უკრაინასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

28 აპრილს კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია.