აქტუალური
ტაჯიკეთში იკრძალება გვარებისა და მამის სახელების რუსიფიცირებული ფორმები

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც კრძალავს ახალშობილთა ტაჯიკური გვარებისა და მამის სახელების „რუსიფიცირებას“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინება.

ახალი რეგულაციებით, ახალშობილთა რეგისტრაციისას ტაჯიკურ გვარებში აკრძალულია სუფიქსები -ოვ, -ოვა, -ევ, -ევა, ხოლო მამის სახელებში -ოვიჩ, -ოვნა, -ევიჩ, -ევნა. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის.

ტაჯიკეთის იუსტიციის მინისტრმა მუზაფარ აშურიონმა დოკუმენტის განხილვისას განაცხადა, რომ ის ეროვნული თვითშეგნების ფორმირებას ისახავს მიზნად. 2007 წელს პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონოვმა გვარი შეიცვალა და რაჰმონი გახდა. ამის შემდეგ მის მაგალითს მრავალმა ჩინოვნიკმა და მოქალაქემ მისდია.

ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ადრეც აკრძალა გვარების რუსიფიკაცია. მაგრამ რუსულმა დაბოლოებებმა კვლავ მოიკიდა ფეხი მას შემდეგ, რაც მიგრანტებისთვის გართულდა რუსეთში სამსახურის პოვნა.