სამართალი
პროკურატურა - დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვანო ოქროპირიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, დამიზნებით სროლის ფაქტს უარყოფს თავად საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის მეუღლეც.

როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა დ. ც.-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მეუღლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დავით ცინარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცინარიძე მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა, რასაც დაერთო ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლა. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა თავად დაზარალებულმა. მ.ბ-მ უარყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უშუალოდ დამიზნებით, მისი მიმართულებით გასროლა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იარაღში არსებულ მჭიდში მოთავსებული იყო 13 ვაზნა, რაც დავით ცინარიძეს შესაძლებლობას აძლევდა მკვლელობის განზრახვა, ყოველგვარი ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე, მოეყვანა სისრულეში“, - განაცხადა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვანო ოქროპირიძემ.

რაც შეხება იმას, რატომ არ დაკითხა ბრალდების მხარემ ცინარიძემ აქამდე, ოქროპირიძემ აღნიშნა: „დაცვის მხარეს შევთავაზეთ პირველი წარდგენის სხდომამდე მომხდარიყო ბრალდებულის გამოკითხვა, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არათუ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ ასევე არ ჰქონდათ პოზიცია დუმილის უფლების გამოყენებაზე. ამასთან, დაცვის მხარეს შეეძლო ბრალდებული გამოეკითხა პირველი წარდგენის სხდომამდე და აღნიშნული მტკიცებულება გადაეცა როგორც ბრალდების მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებების სიმყარეს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დანიშნულია ექსპერტიზები“, - აღნიშნა ვანო ოქროპირიძემ.

ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.