უცხოეთი
ტრამპი გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტს წარადგენს ელჩად უკრაინაში

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი წარადგინოს ელჩად უკრაინაში, რითიც შეავსებს ამ მნიშვნელოვან პოსტს, რომელიც თითქმის წელიწადია ვაკანტურია.

კით დეიტონი, რომელიც ამჟამად მსახურობს აშშ-ის თავდაცვის ძალების მაღალი რანგის მრჩევლად უკრაინის საკითხებში და ასევე ხელმძღვანელობს უსაფრთხოების კვლევების ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრს გერმანიაში, ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს ელჩის თანამდებობაზე.

ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა 1 მაისს, გვიან საღამოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა დეიტონის შერჩევას და 2 მაისს ტვიტერით დაწერა, რომ ყოფილ გენერალ-ლეიტენანტს შეხვედრია თავდაცვის სფეროს რეფორმების მრჩევლის რანგში.

ელჩის დანიშვნის პროცედურების ფონია რთული პერიოდი აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობაში, რომელიც შარშან შეარყია ცნობებმა, რომ ტრამპმა 2019 წლის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბარში ზეწოლა განახორციელა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მას გამოძიება დაეწყო ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გარშემო და კიევს სამხედრო დახმარება შეუჩერა.

ამ ცნობებს მოჰყვა ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესი და აშშ-ის მთავრობაში უკრაინასთან მიმართებით პოლიტიკაზე მომუშავე რამდენიმე მაღალჩინოსნის პოსტებიდან წასვლა. ტრამპი სენატმა უდანაშაულოდ მიიჩნია.

აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2019 წლის მაისში იქიდან გამოიწვია მარი იოვანოვიჩი, რასაც, თავად იოვანოვიჩის თქმით, წინ უძღოდა მისი იმიჯის დამაზიანებელი მიზანმიმართული კამპანია.

ვაშინგტონს ჯერჯერობით არ დაუსახელებია უკრაინაში საგანგებო წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის შემცვლელი, რომელიც სექტემბერში გადადგა, მას მერე, რაც წარმომადგენელთა პალატამ საიმპიჩმენტო პროცესის დაწყება გამოაცხადა.

აშშ უკრაინის არმიის უმსხვილესი მხარდამჭერია. ბოლო 6 წლის განმავლობაში, როცა უკრაინის ხელისუფლება აღმოსავლეთში ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, აშშ-მა უკრაინას მიაწოდა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება, მათ შორის შემტევი იარაღი.

radiotavisupleba.ge