აქტუალური
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წელი - რა იგეგმება საქართველოში

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღიდან 75 წელი სრულდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ არაერთი ღონისძიება გაუქმდა და როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ცვლილება 9 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებასაც შეეხო.

როგორ იგეგმება 9 მაისის აღნიშვნა საქართველოში და რა იგეგმება ვეტერანებისთვის_ ამის გარკვევას „გურია ნიუსი“ ვეტერანების სახელმწიფო საქმეთა სამსახურთან შეეცადა.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, მემორიალებთან მისვლა ცალკეულ პირებს, ვეტერანების შთამომავლებს, ცალკეული უწყებების წარმომადგენლებს შეეძლებათ, მაგრამ ეს არ იქნება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო შეზღუდვების გამო.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, წელს არ ჩატარდება ის ღონისძიებები, რაც მემორიალებთან ტარდებოდა, კერძოდ, არ მოხდება ვეტერანების მობილიზებულად შეკრება და მიყვანა. ასევე არ გაიშლება სუფრა რესტორნებში, თუმცა, 370 ვეტერანისთვის, სხვადასხვა სახის სიურპრიზებია გამზადებული.

2 წლის წინ იყო 1 500-ზე მეტი ვეტერანი, შარშან 600-ამდე შემცირდა მათი რიცხვი, წელს კი 370 ვეტერანია დარჩენილი. ყველაზე მცირე ასაკის სამამულე ომის მონაწილე არის 94-95 წლის და შარშანდელმა შეკრებამ გვაჩვენა, რომ ამ რესტორნის გამართვა შინაარსობრივად აღარ იყო სწორი, რადგან ფიზიკურად ძალიან უჭირდათ მოხუცებს.

ღონისძიებები რაც ტრადიციულად ტარდებოდა სხვადასხვა რაიონში, მაგალითად, ვაკის პარკში რომ მოგვყავდა და ვეხმარებოდით მოსვლაში, მერე რესტორანი იშლებოდა მათთვის, წელს პანდემიის გამო ასე არ მოხდება, მაგრამ თითოეულ მათგანს გადაეცემა მედალი 75 წლის გამარჯვების აღსანიშნავად. ასევე გადაეცემათ თანხები, ეს არის მთავრობიდან და სხვადასხვა გამგეობებიდან და მერიებიდან გამოყოფილი სხვადასხვა რაოდენობის თანხები“, - ამბობს თოფურია.

კითხვაზე - თუ რით არის განპირობებული ვეტერნებისთვის გადასაცემ თანხებში სხვაობა_ თოფურია პასუხობს:

გამგებლის და მერის სასაჩუქრე პაკეტი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარეა,ალბათ, განპირობებული, იმის მიხედვით, ვის უფრო მეტი ვეტერანი ჰყავს და ვის ნაკლები“, - ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ვეტერანებთან სახლებში მივლენ, იქნებიან ყველანაირად შემოწმებულები.

წყარო: გურია ნიუსი