უცხოეთი
სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 მაისს მოაწერა.

“გულწფელად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს. მჯერა, ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ნაციონალურ საბჭოს და დაეხმაროს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ცხოვრებას” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

მანამდე, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

მის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიხმეს, მაგრამ მმართველი პარტიის ცნობით ეს ტყუილი იყო, რადგან კანდიდატურა შეტანილი არც კი ყოფილა.

netgazeti.ge