სამართალი
საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ - სერგო რატიანი

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორი ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.

რატიანი ჯიმ რიშის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, უმძიმესს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის განმარტება მიიღო, რომელსაც ითხოვდა.

რატიანი არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ საქართველოს ელჩი აშშ-დანაც გამოიძახოს კონსულტაციებისთვის.

სენატის თავმჯდომარის ამ განცხადებას შეიძლება ვუწოდოთ „განსაკუთრებით უტიფართათვის“. კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან მიიღო ეს განმარტება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, სადაც საუბარი იყო, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ასევე, საუბარი იყო, რომ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესისა და შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ „ოცნებას“ გარკვეულწილად სახე შეენარჩუნებინა. არავინ საუბრობდა, ყოველ შემთხვევაში, არავინ ითხოვდა მათგან, რომ ისინი როგორც პოლიტპატიმრები დაესახელებინათ და ისე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ როგორც ნათქვამია, რასაც ღმერთს შესთხოვ, ის მოგეცემა კიდეც.

ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ - ეს არის უმძიმესი შეფასება. არ ვიცი, „ქართული ოცნება“ რას იტყვის, უკრაინის მსგავსად შეიძლება ელჩი მოსალაპარაკებლად გამოიწვიონ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ მართალი გითხრათ, არ გვაინტერესებს, მაგრამ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსათვის და ქართული საზოგადოებისათვის“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.