სამართალი
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. მის ფუნქციაში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმომადგენლობაც შევა.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე, 2012-2016 წლებში, მას ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

22 მაისს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გამოცდილება „უაღრესად მნიშვნელოვანი“ იქნება, რადგანაც მას მუდმივად იმ საკითხებთან, მათ შორის კონფლიქტებთან, ჰქონდა შეხება, რომლებიც ეუთოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილება.

მისივე განმარტებით, ქეთევან ციხელაშვილი ახალ თანამდებობაზე საქმიანობას 15 ივნისიდან შეუდგება. რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრობის ახალ კანდიდატს, ზალკალიანმა თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოსტს და „ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია“.

ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ახალი მანდატი არის „ძალიან საპატიო, საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური“. მანვე განმარტა, რომ 15 ივნისამდე იგი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ვაპირებთ, ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდ-19-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია“, – თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

ცნობილი გახდა ასევე, რომ ერთმანეთს ჩაანაცვლებენ ნატოში საქართველოს მისიისა და ჟენევაში – გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლები – ალექსანდრე მაისურაძე და ვიქტორ დოლიძე.